მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან ათიათასობით პატიმარს გამოატარა – ირაკლი კობახიძე

მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან ათიათასობით პატიმარს გამოატარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც სხვა პატიმრებზე ვრცელდება.

„1000-მა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადაიყვან. არის სათანადო პირობები იმისთვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა, თუ მას გადაწყვეტილი აქვს იშიმშილოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ, როგორი იყო ციხე 2012 წლამდე და დღეს და ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება.

მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა ათიათასობით პატიმარს. დღეს გვაქვს სრულიად სხვა სტანდარტის ციხე. ადამიანის უფლებები არის დაცული და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების მოპყრობა მომავალშიც შესაბამისად გაგრძელდება“, – დასძინა კობახიძემ.