ეუთო/ოდირის მისია: ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტული იყო, კამპანია მთელ ქვეყანას ფარავდა

ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამოწვეულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა.

„კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, მაგრამ ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები შენარჩუნდა. მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შემცირდა არასაკმარისი კონტროლის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა იონსონმა.

​ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო.

„ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აგრეთვე პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა. მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ეს ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

ამასთან, როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება.

„ეს ეხება მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებას. 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. საოლქო-საარჩევნო კომისიებმა პირველი ტურის შედეგების 811 ხელახალი გადათვლა მოახდინეს. ამ გადათვლებმა პირველი ტურის შედეგების მცირედი ცვლილება გამოიწვია, თუ არ ჩავთვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადგილობრივ საკრებულოში ორი ადგილის დამატებას. შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 360 უბნის გადათვლის ადგილი და დრო სათანადოდ არ ეცნობა დაინტერესებულ მხარეებს, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. მაგალითად, მართალია, გადათვლამ გააჩინა შედეგების ასახვის პროცესის ხელახალი შემოწმების შესაძლებლობა, სათანადო რეგულირების არარსებობის გამო, გადათვლა არათანმიმდევრულად წარიმართა, რის გამოც შემცირდა ამ პროცესის ანგარიშვალდებულების ხარისხი.

ცესკო-მ პირველად გამოაქვეყნა პირველი ტური სრულყოფილად, ჩაშლილი შედეგები, რამაც გაზარდა პროცესის გამჭვირვალობა. პირველი ტურის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 1 300 საჩივარი შევიდა. 900-ზე მეტი საჩივარი გადათვლის მოთხოვნას შეეხებოდა, რაც უმეტეს შემთხვევაში არსებითად არ დაკმაყოფილდა. მთლიანობაში, კენჭისყრის და დათვლის პროცედურებთან დაკავშირებით არსებული გასაჩივრების მექანიზმი უზრუნველყოფს დროული გამოსწორების შესაძლებლობას. თუმცა კანონს აკლია მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები, როგორც გადათვლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მათ შესასრულებლად, ისე კენჭისყრის შედეგების გასაბათილებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მანამდე გაცემულ და ჯერაც გაუთვალისწინებელ რეკომენდაციებს. აღნიშნულმა კი საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებს მსგავს მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების გამოსატანად ფართო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს.

საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა არჩევნების დღემდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი პარტიების მოწოდებით ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იონსონმა.

მისივე თქმით, ბოლო დღებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლების საშუალებით.

„არჩევნებამდე ბოლო კვირაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის პარტიის ოფისის გარეთ დაპირისპირებას და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს.

კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ და ურთიერთშეწყობილ ჩივილებს ზეწოლასთან და დაშინებასთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას ადგილი ჰქონდა პირველსა და მეორე ტურშიც.

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს, განცალკევდება ცენტრალური ხელისუფლებისგან და არ ექნება პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, ოპოზიციამ დაგმო და მათი ამომრჩევლებისადმი დამუქრების მცდელობად შეაფასა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში შენარჩუნდა ფოკუსი ეროვნულ საკითხებზე და წინ წამოწია კოალიციური პოლიტიკა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კამპანიის სტრატეგია შეცვალა და, პირველი ტურისგან განსხვავებით, უფრო გააძლიერა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირება. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის ფინანსური ანგარიშები მეორე ტურამდე მხოლოდ სამი დღით ადრე უნდა წარედგინათ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიერ მეორე ტურის წინა დღემდე მათი გამოქვეყნება არ ევალება , რაც დროული შემოწმების შესაძლებლობას ზღუდავდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამ შესაძლო დარღვევაზე წარმოებული გამოძიებები არჩევნების მეორე ტურამდე ჯერ კიდევ გრძელდებოდა. მთლიანობაში, დაჩქარებული ვადების არარსებობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფორმალისტური მიდგომა იწვევდა შეშფოთებას, რომ მარეგულირებელი ჩარჩო არასაკმარისია, ხოლო კონტროლი არაეფექტური“, – აღნიშნა ალბერტ იონსონმა.

მისივე განცხადებით, მედიაგარემო კვლავ პოლარიზებით ხასიათდებოდა.

„ბევრი ეროვნული კერძო ტელევიზია ან ღია მხარდაჭერას გამოხატავდა მმართველი პარტიის მიმართ და ოპოზიციას უარყოფითად აშუქებდა, ან პირიქით, აშკარა მიკერძოებულობას ავლენდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი მაუწყებლები, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია“ კამპანიის ძირითადად ნეიტრალურ და მრავალფეროვან გაშუქებას უზრუნველყოფდა. „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ თანაბარი საეთერო დრო დაუთმო „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადად ნეიტრალურად გააშუქა, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გაშუქების ტონი არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად უფრო პოზიტიური გახდა. ძირითადმა კერძო ტელევიზიებმა შეინარჩუნეს გაშუქების შესაბამისი პოლიტიკური ხაზი და გაზარდეს მიკერძოებულობის ხარისხი, წარმოადგინეს რა მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მკვეთრად გამოვლენილი აქტივიზმი. მედია საშუალებების უმრავლესობა ფოკუსირებული იყო ურთიერთთავდასხმების გაშუქებაზე, პარტიებსა და კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებებზე, შეზღუდულად წარმოაჩენდა ზოგადად პოლიტიკის საკითხებსა ან ადგილობრივი მნიშვნელობის თემებს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავდა.

ზოგიერთმა სატელევიზიო არხმა სცადა დებატების ჩატარება მეორე ტურისთვის, თუმცა არც ერთი არ ჩატარდა კანდიდატების უმეტესობის მხრიდან მონაწილეობის სურვილის არქონის გამო“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

გარდა ამისა, ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილის დაბრუნებასა და დაკავებას პოლიტიკურ დისკურსზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.

„რამდენიმე აქცია ჩატარდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით და მისი მხარდამჭერების მობილიზაციის მიზნით, რათა მათ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში. მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფებმა კონტრაქციები გამართეს და გააპროტესტეს მისი მთავრობის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. აღნიშნულმა მოვლენებმა და ეროვნულ პოლიტიკაზე გაძლიერებულმა ფოკუსირებამ გაამძაფრა კონკურენცია, კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური დისკურსი და კანდიდატებს შორის განხეთქილება გააღრმავა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ, იმის მიუხედავად თუ რომელ პარტიას წარმოადგენდნენ ისინი. ზოგიერთმა პარტიამ მხარი დაუჭირა შემოთავაზებას და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, ხმა მიეცათ მმართველი პარტიის გარდა ნებისმიერი კანდიდატისთვის; სხვებმა გადაწყვიტეს არ გამოეხატათ მხარდაჭერა რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მიმართ“, – აღნიშნულია დასკვნაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password