რა არ შეიცვალა მერიის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში

9 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში შევიდა.  დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1,031,500 ლარით გაიზარდა და 801,302,000  ლარი შეადგინა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება.

ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა. 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 6.8 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).

რაც შეეხება კიდევ ერთ პრიორიტეტს – გამწვანებას, ამ მიმართულებით 2017 წლის ბიუჯეტში, წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა, რაც ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში არ შეცვლილა.

უცვლელია  განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში განსაზღვრული თანხაც. აღნიშნული მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა – დასრულდება 10  დაწყებული  ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი.

კომენტარის დატოვება