ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად ახლო აღმოსავლეთიდან 16 000 მოხალისის გამოყენებას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად ახლო აღმოსავლეთიდან 16 000 მოხალისეს გამოიყენებს – ამის შესახებ ინფორმაციას ,,როიტერსი” ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში 16 000 მოხალისეა, რომელიც მზადაა  იბრძოლოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ დონბასის რეგიონში.

,,ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ საკუთარი ნებით და არა ფულის გამო, მოვიდნენ დონბასში მცხოვრებთა დასახმარებლად, ჩვენ უნდა მივცეთ მათ, რაც სურთ და დავეხმაროთ კონფლიქტის ზონაში მოსახვედრად.” – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით,  ,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უკრაინაში აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ნატო მის საზღვრებამდე და მხარი დაუჭირა კიევის პროდასავლურ ლიდერებს.