პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა – თუ მისი კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული პრეზიდენტსაც და ადმინისტრაციასაც, რას ნერვიულობენ? – მამუკა მდინარაძე

არ არის ეთიკური, სახელებით და გვარებით მივუთითოთ ელჩობის რომელ კანდიდატზე იყო თანახმა პრეზიდენტი და რომელზე წინააღმდეგი, კონსულტაციები იმართება და არ ვაპირებთ ამ კონსულტაციების გამოფენას საჯაროდ – პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა, სპეკულაციებსაც ავირიდებდით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გასულ ერთ წელში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩობის 12 კანდიდატი წარუდგინა და ყველა მათგანის დანიშვნაზე პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა.

მდინარაძის თქმით, ეს თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რას ნერვიულობენ.

„თუ მისი უფლებამოსილება და კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული ადმინისტრაციასაც, პრეზიდენტსაც და ა.შ. მაშინ რას ნერვიულობენ? მაშინ ვთქვათ ასე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს უფლებამოსილების ფარგლებს, რაშია მაშინ პრობლემა? არაფერში ყოფილა პრობლემა, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ამიტომ იქმნება პრობლემა. რეალურად ეს ასე იყო (კონკრეტული კანდიდატების დანიშვნას არ მოაწერა ხელი), არ შემიძლია დავასახელო სახელები და გვარები. კონკრეტულ არც ერთ ელჩს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ და სახელს და გვარს არ დავასახელებ. არ არის ეთიკური, ახლა ჩვენ ჩამოვდგეთ და სახელებით და გვარებით მივუთითოთ, ვისზე იყო თანახმა და ვისზე წინააღმდეგი, კონსულტაციები იმართება ამასთან დაკავშირებით და არ ვაპირებთ ამ კონსულტაციების გამოფენას საჯაროდ. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა და ამ სპეკულაციებსაც ავირიდებდით,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.