ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული – ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება – ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, ქვეყნის ნატოში გაერთიანებისკენ სწრაფვა რუსეთის ქმედებებითაა გამოწვეული.

მისივე თქმით, ფინეთის უსაფრთხოების გაზრდა სხვის უსაფრთხოებას არ დააზიანებს.

„ჩვენთვის ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული – გვსურს, მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება“, – აღნიშნა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება შეიცვალა, რადგან მანამდე მოსკოვი თვლიდა, რომ ფინეთი და შვედეთი ბალტიის რეგიონში სიტუაციას „ასტაბილურებდნენ“.

,,მაგრამ შემდეგ, გასული წლის ბოლოს, მათ განაცხადეს, რომ ფინეთი და შვედეთი არ უნდა გაწევრიანდნენ ნატოში. მოითხოვეს, რომ ნატოს არ მიეღო ახალი წევრები. რუსეთმა ფაქტობრივად გამოხატა : თქვენ არ გაქვთ საკუთარი ნება – ეს იყო დიდი ცვლილება”, – აღნიშნა ნიინისტომ.