გიორგი ხოჯევანიშვილი – მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში

მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ემიგრანტების უმეტესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს და აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა.

“სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებით, ემიგრანტებით არავინ ინტერესდება. მე მინდა გავამხნევო ჩვენი ემიგრანტები, ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ ჩვენი ქვეყნიდან წასვლა იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ.

ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როდესაც ათობით, ასობით, ათასობით ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ.
ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ჩართულობა არჩევნებში, არჩევნებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს, ძალიან დაბალია. გთავაზობთ და პირიქით უფრო მეტი სიმკაცრითაც შეიძლება ითქვას, რომ მოგიწოდებთ სახელმწიფომ, მმართველმა გუნდმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში.
ამისთვის საჭიროა ელექტრონული და ინტერნეტ სისტემის დანერგვა და რა თქმა უნდა ამას უნდა მიჰყვეს თანმდევი პროცესები, ისეთი როგორიც არის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის სპეცმიდგომების დანერგვა. რა თქმა უნდა დღეს უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველი დაცული იყოს წნეხისგან, ზედმეტი ჩარევისგან და მეორეს მხრივ აღნიშნული სისტემა საგრძნობლად შეამცირებს საარჩევნო ხარჯებს. უნდა ითქვას, რომ ამისთვის რაიმე ქართული ნოუ-ჰაუს გამოგონება არ არის საჭირო, არამედ ძალიან კარგი ევროპული პრაქტიკა არსებობს ამასთან დაკავშირებით და იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დიდი ხვედრითი წილის მქონენი არიან ჰქონდეთ მოტივაცია და უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებში იყვნენ ჩართულნი” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენი დღეში პარტია “საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდი დააინიცირებს სამ ინიციატივას, რომელიც ემიგრანტებისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება.

“მე იმედს ვიტოვებ რომ ეს ინიციატივები, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ემიგრანტებისთვის და ეს არ არის მხოლოდ ჩვენგან წამოსული, ეს მათი თხოვნებია ასახული ამ ინიციატივებში მხარდაჭერილი იქნება მმართველი გუნდის მხრიდან .

პირველი – ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით გარკვეულწილად დისკრიმინაციული მიდგომა გვაქვს, ვგულისხმობ იმას, რომ მთელ რიგ მომსახურებებისთვის, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს განსხვავებული საფასურია დადგენილი. ამის თვალსაჩინოებისთვის საკმარისია საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღების შემთხვევაში 100 ლარით განისაზღვრება, უცხო ქვეყანაში კი განსხვავდება – ეს არის 130-140 დოლარი, რაც სამჯერ აღემატება იმ ღირებულებას რაც ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოქალაქეებისთვის არსებობს. ამიტომ, ვითხოვთ აღნიშნული საფასურის გათანაბრებას.
მეორე საკითხი ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უწევს ქვეყნიდან გასვლა და დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ 15 000 ლარის ოდენობის ქონება არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახადისგან.

მოგეხსენებათ, რომ ეს ზედა ზღვარი დადგენილია 1998 წელს, მას შემდეგ კი მთელი რიგი გარემოებებია შეცვლილი, ამიტომ რეალურ აღქმებს არის მოწყვეტილი ეს ციფრი და მოვითხოვთ ამ ციფრის მინიმუმ 30 000 ლარამდე აწევას, რომ მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნდებიან მათი ყოფითი მიზნებისთვის საჭირო ქონებას, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ქონება არ უნდა იყოს განკუთვნილი რაიმე ეკონომიკური საქმიანობისთვის, გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

და ბოლოს, თანამემამულის სტატუსის მქონე ადამიანები, რომლთაც აქვთ ქართული წარმომავლობა, მაგრამ მათ უწევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო ვიზის აღება ქვეყანაში შემოსასვლელად, მათ ჰქონდეთ 30 დღეზე მეტი ვადა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გაჩერებისთვის და ეს ვადა განისაზღვროს თანამემამულის სტატუსის მქონე პერიოდამდე” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.