“ეს იყო დაცინვა არა მარტო პაციენტის, მთლიანად სასამართლო სისტემის” | გიული ალასანია ნადირაძის გამოკითხვაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გუშინ, 3 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივა მედის” დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს ეხმაურება.

გიული ალასანიას თქმით, პროცესზე ნადირაძე არა მხოლოდ სააკაშვილს და მის ოჯახს, არამედ სასამართლო სისტემას დასცინოდა.

ალასანია, ასევე, პასუხობს ნადირაძის ბრალდებას, იმის შესახებ, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორებს ცოტა ან ისეთი საკვები მიაქვთ, რომელიც პაციენტისთვის არ შეიძლება. ალასანია ამბობს, რომ ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან ის საკვები შეაქვთ, რისი მიღებაც პაციენტს შეუძლია.

“დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი ასეთი ფორმით…არ ვიცი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. რას ნიშნავს თვითდაზიანება ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, ადამიანმა მოკლე დროში დაიკლო 38 კილო და ფეხზე ვეღარ დგება. სურვილით კი არა, უნებურად [ვერ ჭამს], ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ჭამოს სხვათა შორის, თქვენ წარმოიდგინეთ აქვს სურვილი. [საკვები] გვენანება ძალიან, მე მინდა რომ მოკვდეს ჩემი შვილის სწრაფად, როგორ მიხვდნენ?! რისი მიღებაც შეუძლია, ის მიმაქვს, რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს თქვენ წარმოიდგინეთ. კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ესაა სწორედ დაბრკოლება, რის გამოც საკვებს ვერ იღებს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა. პროცესზე კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე დაკითხეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, 6 თებერვალს ბოლო პროცესი გაიმართება და სავარაუდოდ, ორშაბათსვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას.