“უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს” – პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

“უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს” – პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შექმნეს პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია, უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ პეტიციას უკვე 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

“ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.

• მაშინ როდესაც რუსული რაკეტები დაფრინავენ უკრაინაში და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით.
• რუსეთთან დაახლოება გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას და ევროპისგან დაშორებას.

15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან ვაორგანიზებთ მშვიდობიან აქციას – უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს” – აცხადებენ პეტიციისა და დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. 15 მაისიდან პირდაპირი ფრენების ნებართვა გაიცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.