გაიზიარებს თუ არა ფოფხაძე ჭიჭინაძის ბედს?..რას ამბობენ მმართველ პარტიაში…

„შეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, “კომკავშირი” ან “კომპარტია” დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ – ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.

დღეს კი უკვე თავად ფოფხაძის განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში.

ვიცესპიკერის გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა.

„არ მგონია, გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ. პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით კი, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ ეს პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიას განსხვავებული აზრის არ ეშინია და ამბობს:

-„„არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია, პირიქით, მე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას – ამ ფონზე ჩვენთვის, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი ემოციური ხასიათის შესახებაც ვიცი. ვფიქრობ, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაერთიანებს, ვფიქრობ, გედევანთან ერთად საერთო პოზიციების შეჯერება არ გაგვიჭირდება“ –  აცხადებს სესიაშვილი.

გაიზიარებს თუ არა გედევან ფოფხაძე აწ უკვე პარტიის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის ბედს ჯერ უცნობია, თუმცა ემოციური ფონი რომ დიდია, ამას ყველა ამჩნევს.