კომიტეტი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას მიწის მართვის ეროვნული სააგენტო

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

მთავარი კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას  კანონპროექტის ავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარუდგინა.

ოთარ დანელიას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი დაეყრდნო საკონსტიტუციო ჩანაწერს – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“, რომელიც დღეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. შესაბამისად, მომზადდა ორი კანონპროექტი, ერთი არის ორგანული კანონი, რომელიც აღნიშნულ საკითხს პრინციპების დონეზე არეგულირებს, განსაზღვრავს მის შესაბამის კრიტერიუმებს, მეორე გახლავს „მიწის მიზნობრივი დანიშნულების, განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი, მათგან გამომდინარე ცვლილებები შედის რამდენიმე მოქმედ კანონში.

„კანონის მიღების მიზანი არის მიწის, როგორც განსაკუთრებული რესურსის რაციონალური  გამოყენების პრინციპების დადგენა, მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, მიწის სტატუსის და მიწაზე საკუთრების უფლების გამჭვირვალე და ერთიანი პრაქტიკული სისტემის შექმნა. ძირითად არსს წარმოადგენს წინამდებარე კანონის საფუძველზე მიწაზე სახელმწიფო საკუთრების პოლიტიკის შემუშავება და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიული, ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინება. მოცემულია რეგულირების სფერო, ტერმინთა განმარტებები. კანონპროექტი  ასევე განსაზღვრავს მიწაზე საკუთრების უფლებას სასოფლო-სამურნეო დანიშნულების ნაწილში,  ეს გახლავს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს გახლავს –  საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რელიგიური თუ პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოს მოქალაქის საკუთრება, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრება თუ მისი დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე და ქართული სუბიექტი“ – განაცხადა ოთარ დანელიამ კანონპროექტის წარდგენისას ძირითად პრინციპებზე საუბრისას.

ორგანული კანონპროექტი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

 

  • საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით;
  • მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა;
  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა;
  • ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

ოთარ დანელიამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც წარმოდგენილი კანონპროექტები აგვარებს, მათ შორის,  ეროვნული და სურსათის უსაფრთხოების საკითხები,  ლიკვიდური აქტივის საკითხი, მიწის მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენების საკითხი და სხვა. კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში და ეს, ოთარ დანელიას განცხადებით, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მეტი სტიმული მიწის დამუშავებისთვის.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კომიტეტი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში გააკეთებს შესაბამის ანალიზს. მისი თქმით, დღეს სამწუხაროდ, არავინ იცის თუ ზუსტად რამდენია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ხშირად არის სტატუსების ცვლილების პრობლემა და სხვა საკითხები, რომლებიც სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს.

„მოკლე მონახაზს თუ გავაკეთებთ:  პირველი – კონსტიტუციის თანახმად, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე; მეორე – იურიდიული პირების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს დომინანტი პარტნიორის სტატუსი, რათა აღნიშნულ სუბიექტს ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება; მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით ჩვენ პირიქით ვახალისებთ ამ უფლებას და პრობლემა ამ ნაწილში მოქალაქეებს არ ექნებათ; არ ვითვალისწინებთ აღნიშნული უფლების გადაცემას ქორწინების  შედეგად მიღებული უფლების ნაწილში, ვინაიდან ვხედავთ ძალიან მაღალ რისკებს და ბოლოს, მთავრობის დისკრეციის ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნეს საინვესტიციო გეგმა კანონის მიხედვით, რომლის კრიტერიუმები და პირობები უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ორგანული კანონი მიღებისთანავე უნდა შევიდეს ძალაში.