მამუკა მდინარაძე: ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები

დღეს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში ოპოზიცია შევიდა, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიცია და გამოვიდა, როგორც „ანარქისტები“, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას და დაპირისპირებას აანონსებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ბედი თავად მასზეა დამოკიდებული.

„კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხი. დღეს და წინა დღეების განმავლობაშიც, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს მორალი კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. წარმოუდგენელია, არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს. ასეთი ლოგიკა ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული, ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ.

დღესაც იგივე მოხდა, როდესაც ისინი შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში რაღაც შეკრებაზე შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები. ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად, ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, – განაცხადა მდინარაძემ.